2018 წლის 28 თებერვალს, საქპატენტის მცხეთის ოფისში, გაიმართა შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ გოგილიძესა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო-ს) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სექტორის დირექტორს, მარკუს ჰოპერგერს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია საქპატენტის მონაცემთა ბაზების ისმო-ს სარეგისტრაციო სისტემაში ინტეგრირებასთან. კერძოდ, ისმო-ს E-Filing-ის ინსტრუმენტის საშუალებით ქართველ მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა ქართული ინტერფეისით ელექტრონულად გაავრცელოს საქპატენტში შეტანილი განაცხადი მადრიდის სისტემის წევრ ქვეყნებში. ამასთან, საქპატენტი არსებულ მონაცემთა ბაზაში შეძლებს საერთაშორისო განაცხადების ავტომატურად მიღებას, სადაც გავრცელების ქვეყნად მითითებული იქნება საქართველო.
ისმო-ს წარმომადგენელმა, ასევე, შეხვედრა გამართა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის ექსპერტებთან და უშუალოდ მათგან მოისმინა საქართველოში მადრიდის სისტემის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადების მიღებისა და გავრცელების მიმდინარე საკითხების შესახებ.
მადრიდის სისტემა წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის საზღვარგარეთის ქვეყნებში დაცვის გავრცელების საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობით განმცხადებელს ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით, შეუძლია მოიცვას სასაქონლო ნიშნის დაცვის ფართო გეოგრაფიული არეალი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი 116 ქვეყანა.
საქართველო „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ წევრია 1998 წლიდან.