„ქინძმარაულის“ უკანონო გამოყენების ფაქტზე რუსეთის ფედერაციაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
02 მარტი 2018 წ.
ქართული ადგილწარმოშობის დასახელებაზე - „ქინძმარაული“ უფლებების წარმატებით აღსრულების ფაქტი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციაში. კერძოდ პირს, რომელიც უკანონოდ იყენებდა დასახელებას, „ქინძმარაული“ სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით.
გასული წლის თებერვალში, ქალაქ ვოლგოგრადში, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ, დაკავებულ იქნა მეწარმე, რომელსაც ბრალი ედებოდა ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით, „ქინძმარაული“ ეტიკეტირებული 830 ბოთლი კონტრაფაქციული ალკოჰოლური სასმელის შენახვაში.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“, დაქირავებული იურიდიული კომპანიის საშუალებით ჩაერთო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში და დამრღვევი პირის მიმართ მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება. შედეგად, 2018 წლის თებერვალში, ქალაქ ვოლგოგრადის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული პირის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს განჩინებით ასევე, განადგურდა აღნიშნული დასახელებით ნიშანდებული კონტრაფაქციული საქონელიც.
საზღვარგარეთ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვაზე საქპატენტი აქტიურად მუშაობს. რამდენიმე თვის წინ, უწყებამ მიმართა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორატს, პოლონეთის და ლატვიის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების - „კახეთი“ (კახური), ასევე ქართული ყველის გეოგრაფიულ აღნიშვნის - „სულგუნი“ სავარაუდო, უნებართვო გამოყენების ფაქტების აღმოფხვრის შესახებ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 175-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებთან განხორციელდა შესაბამისი ადმინისტრაციული ქმედებები. კერძოდ, ყველის შემთხვევაში, მოხდა ეტიკეტის შეცვლა, ხოლო ღვინის პარტია კი, ამოღებულ იქნა სავაჭრო ქსელიდან.
გარდა ამისა, 2018 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, გაიმართება ევროკავშირისა და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა, რომელზეც მხარეები განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, ესტონეთსა და ლატვიაში ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე (ხვანჭკარა, ქინძმარაული, ჩურჩხელა) უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარის მიერ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად უფლებების აღსრულებისა და დაცვის მექანიზმების განხორციელების საკითხებს.
აღნიშნული ფაქტები კარგი პრეცედენტია ღვინის მწარმოებელებისათვის, უფლებების დაცვის მიზნით გააქტიურების კუთხით.

