სამუშაო შეხვედრა EUIPO-ს სააპელაციო პალატის წარმომადგენლებთან
15 მაისი 2018 წ.
დღეს, 15 მაისს (2018 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, იმართება სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“. შეხვედრას, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის EUIPO-ს სააპელაციო პალატის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტურმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი.
სამუშაო შეხვედრა იმართება სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ და მასზე განხილული იქნება ევროკავშირის უახლესი პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინებთან მიმართებაში, მათ შორის, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის უარის თქმის საფუძვლები სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნები, ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული სასაქონლო ნიშნების მიმართება, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის ურთიერთკავშირი.
EUIPO-ს დელეგაციის ვიზიტი ორდღიანია, შეხვედრის მეორე დღე დაეთმობა საქპატენტის სააპელაციო პალატის წევრებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრის გამართვას, სადაც განიხილება EUIPO-ს სააპელაციო პალატის გამოცდილება სასაქონლო ნიშნების დავებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

