ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები შვეიცარიის კონფედერაციაში დაცულია
01 ივნისი 2018 წ.
დღეს, 31 მაისს (2018წ), ქალაქ ბერნში გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახლებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, შვეიცარიის ტერიტორიაზე ნაცვალგების წესით მოხდა ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებების და წარმოშობის წყაროს დაცვა, ასევე განისაზღვრა მათ გამოყენებასა და უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები.
ხელმოწერის შემდგომ, შვეიცარიის კონფედერაციაში, საქართველოს საელჩოსა და საქპატენტის ორგანიზებით, გაიმართა ქართულ და შვეიცარულ მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმების გაფორმებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც უმასპინძლეს შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს. მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ღვინოები და ქართული ტრადიციული კერძები. ამასთან, მიღებაზე სტუმრებს ღვინის ექსპერტი, გიორგი სამანიშვილი, ესაუბრა ქართული ღვინის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო შვეიცარიის კონფედერაციაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
