2018 წლის 19 ივნისს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის - „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა მასწავლებლების ტრენინგი.
აღნიშნული პროექტი განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამებში გამომგონებლობისა და ინოვაციის სწავლება. პროექტის მიზანია, საფუძველი ჩაეყაროს ინტელექტუალური საკუთრების სწავლებას სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გააზრებასა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებას.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული და მოტივირებული სკოლის პედაგოგები მიიღებენ საშუალებას გადამზადდნენ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში და გაეცნონ გამომგონებლობის სწავლების მეთოდებს, რის საფუძველზეც მათ შეეძლებათ აღნიშნული საგანი ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს.
საქპატენტში ჩატარებულ ტრენინგს WIPO-ს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, უძღვებოდნენ საქპატენტის სასწავლო ცენტრის ლექტორები. მონაწილეებს განემარტათ პროექტის შინაარსი, გამომგონებლობის სწავლების მეთოდები, ასევე გაეცნენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ.
პროექტის მეორე ეტაპზე, მასწავლებლები გაივლიან WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ექვსკვირიან ზოგად კურსს - DL-101, რომელიც ითარგმნა საქპატენტის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება ისმო-ს აკადემიის პლატფორმაზე ონლაინ, ქართულ ენაზე. კურსის მსვლელობისას, მასწავლებლებს მენტორობას გაუწევენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატები.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ, იგეგმება სპეციალური სასწავლო პროგრამის ქართული ვარიანტის შემუშავება, რომლის სწავლებას განახორციელებენ პროექტში მონაწილე მასწავლებლები. აღნიშნული გაკვეთლები განთავსებულია WIPO-ს აკადემიის პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://welc.wipo.int/ipedu/main .