2018 წლის 15 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის მიზანი იყო ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, სწავლის დონის ამაღლების ხელშეწყობა, გამომგონებლების ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარების სტიმულირება.
კონკურსი ტარდება 2010 წლიდან. საქპატენტი ყოველწლიურად არის ჩართული საკონკურსო კომისიის მუშაობაში და აქტიურად მონაწილეობს საკონკურსოდ წარდგენილი პროექტების შეფასების პროცესში. კონკურსში მონაწილეებისთვის საქპატენტმა დააწესა სპეციალური წამახალისებელი პრიზი, 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ კუციამ, გადასცა კონკურსში პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს - ანა კალანდარიშვილს, მარიამ ბახტაძეს და მილანა გაგულიას, საკონკურსოდ წარდგენილი პროექტისათვის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“.