MGS-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
11 იანვარი 2019 წ.
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ ადმინისტრირებად პროგრამას - „მადრიდის საქონლისა და მომსახურების მენეჯერს (MGS)“. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ქართველ მომხმარებლებს, საერთაშორისო განაცხადის წარდგენისას, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ქართული ინტერფეისით და საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი შეადგინონ ქართულ ენაზე, რაც მათ გაუადვილებს ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი ელექტრონულადვე თარგმნოს 19 სხვადასხვა ენაზე, რომელთა შორის უკვე ქართული ენაც არის.
მადრიდის სისტემა სასაქონლო ნიშნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც განმცხადებელს აძლევს შესაძლებლობას ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით, დაიცვას სასაქონლო ნიშანი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრ 119 ქვეყანაში.
საქართველო „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ წევრია 1998 წლიდან.
მადრიდის საქონლისა და მომსახურების მენეჯერის (MGS) ქართული ვერსია ხელმისაწვდომია მითითებულ ლინკზე - https://webaccess.wipo.int/mgs/?lang=ka


