ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში საქართველოს პირველი მისია ეწვია
18 აპრილი 2019 წ.
15 აპრილს, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზების მიზნით, დაიწყო სამუშაო შეხვედრების სერია, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის განხორციელების პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს ეწვივნენ იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად გააცნობენ საქპატენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ევროკავშირში, მათ შორის იტალიაში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას და არსებულ კონტროლის სისტემას. ასევე, განიხილავენ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მაგალითებს. თავის მხრივ, იტალიელი ექსპერტები გაეცნობიან აღნიშნულ სფეროში საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და პრაქტიკას, რის შემდგომ შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და დასკვნებს. პროექტის მომდევნო ეტაპზე, შემუშავებული დასკვნების საფუძველზე, მხარეები დაიწყებენ გეოგრაფიული აღნიშვნების მარეგულრებელ საკანონმდებლო აქტების მომზადებას.
„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ პროექტი ხორციელდება იტალიისა და საფრანგეთის კონსორციუმთან ერთად. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. პროექტი იძლევა შესაძლებლობას ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყნების, საფრანგეთისა და იტალიის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით შეიქმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ასევე ხელს შეუწყობს ამ სფეროში ეროვნული ინსტიტუტების კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემაში.
სამუშაო შეხვედრების პირველი სერია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში მიმდინარეობს, 19 აპრილს (2019 წ.) დასრულდება.
