26 აპრილი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე
26 აპრილი 2019 წ.
დღეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 აპრილის სლოგანად დასახელდა: „იბრძოლე ოქროსათვის: ინტელექტუალური საკუთრება და სპორტი“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში, ყურადღება გამახვილებულია სპორტის სამყაროს უფრო ახლოს გაცნობაზე. მასში განხილულია ინოვაციების, შემოქმედებითი საქმიანობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის როლი სპორტის განვითარების მხარდაჭერაში. გლობალური მასშტაბით სპორტის პოპულარულობა ემყარება იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებსაც მოიცავს სპორტი - სრულყოფილება, პატივისცემა და სამართლიანი თამაში.
ამჟამად, მაუწყებლობისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების წყალობით, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეუძლია თვალი ადევნოს სპორტულ შეჯიბრებებს, უყუროს საყვარელი სპორტსმენებისა და გუნდების გამოსვლებს, სახლიდან გაუსვლელად. დღეის მდგომარეობით, სპორტი მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებული გლობალური ინდუსტრიაა. იგი ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში (სპორტული სტადიონებიდან სამაუწყებლო ქსელებამდე) და ასაქმებს მილიონობით ადამიანს. ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სპორტის ქონებრივი ღირებულების უზრუნველყოფას. ეს, თავის მხრივ, იწვევს ამ ინდუსტრიის განვითარებას, კერძოდ, იგი შესაძლებლობას აძლევს სპორტულ ორგანიზაციებს დააფინანსონ სასიამოვნო ღონისძიებები და უზრუნველყონ სახსრები სპორტის საწყის დონეზე განვითარებისათვის.
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა წარმოადგენს შესაძლებლობას ხაზგასმით აღინიშნოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები სპორტის განვითარებისათვის. კერძოდ, პატენტები და დიზაინები ხელს უწყობს ახალი სპორტული ტექნოლოგიების, სპორტული მიღწევების გაუმჯობესებას და მსოფლიოს გულშემატკივართა ჩართულობას. სასაქონლო ნიშნების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალური კომერციული შემოსავლის მიღება და მსოფლიო დონის ღონისძიებების, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგანიზებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამასთან, მაუწყებლობის უფლებები ხელს უწყობს სპორტსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, რაც გულშემატკივრებს უფრო მეტად აახლოებს სპორტულ ღონისძიებებთან. წლევანდელი კამპანია წარმოადგენს შესაძლებლობას, აღვნიშნოთ ყველა იმ სპორტსმენის მიღწევა, რომელიც ეწევა საინოვაციო საქმიანობას კულისებს მიღმა, რათა ხელი შეუწყოს სპორტულ წარმატებებსა და სპორტის პოპულარულობას მსოფლიოში.
2000 წლიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყნების მიერ, 26 აპრილს, ყოველწლიურად აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. ამ თარიღთანაა დაკავშირებული, 1970 წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის ძალაში შესვლა. აღნიშნულ დღეს ყველას ეძლევა საშუალება გააცნობიეროს, თუ რა წვლილი შეაქვს ინტელექტუალურ საკუთრებას მუსიკის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებას.

