„დიზაინი - ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი”
07 მაისი 2019 წ.
დღეს, 7 მაისს (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტი“ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება თანამედროვე მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის - დიზაინის, როგორც ბიზნესის წარმატებისა და პროდუქტის ეკონომიკური ღირებულების გაზრდის მნიშვნელობის განხილვას. ასევე, ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნული ობიექტის პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან დიზაინის დაცვის მნიშვნელობის გააზრებასა და აღნიშნული მიმართულების განვითარებას.
კონფერენცია, რომელიც მიმდინარეობს სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, ორ დღეს გასტანს და მასზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეებს გააცნობენ დიზაინის დაცვის მექანიზმებს, მათ შორის, დიზაინების რეგისტრაციის ჰააგის საერთაშორისო სისტემას. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება დიზაინის როლზე ბრენდინგის სტრატეგიაში. ასევე, მოდის ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლები იმსჯელებენ მოდის, საათებისა და ავტომობილების სფეროში დიზაინის მფლობელთათვის დიზაინის გამოყენების თანამედროვე სტრატეგიებსა და ტენდენციებზე. გარდა ამისა, კონფერენციაზე განიხილება დიზაინის გამოყენების წარმატებული მაგალითები საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკიდან.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო მომხსენებლები.

