CLDP-სა და საქპატენტის თანამშრომლობა გრძელდება
15 მაისი 2019 წ.
15 მაისს (2019), საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველთან, პიტერ დევიდსონთან, გაიმართა საქპატენტის ხელმძღვანელობის შეხვედრა.
უწყების ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი" და CLDP-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები. კერძოდ, CLDP-ის დაფინანსებით მიმდინარე ღონისძიებები, რომელთა მიზანია სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. უწყება ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ტრენინგებს მოსამართლეების, ჟურნალისტების, ადვოკატებისა და სტუდენტებისათვის, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ექსპერტების სასწავლო ვიზიტებს აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტებს საქართველოში, ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. CLDP-ის მხარდაჭერით ყოველწლიურად საქპატენტი ორგანიზებას უწევს კონფერენციას - ,,საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“. ტრეინინგებისა და საკონსულტაციო მომსახურებების უზრუნველყოფის გზით, CLDP-ი მუშაობს ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. საქართველოში CLDP-ი საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ერთ-ერთი აქტიური უწყებაა მათთან თანამშრომლობის კუთხით.
