მევენახეთა პირველი კონფერენცია საქპატენტის მხარდაჭერით ჩატარდა
18 მაისი 2019 წ.
მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ მევენახეთა პირველ კონფერენციაზე, რომლის მხარდამჭერი იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.
18 მაისს (2019 წ.) გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ლებანიძე და უწყებასთან არსებული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი დავით გაბუნია, განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის სისტემა, გაეცნენ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას და იმსჯელეს მძლავრი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ინსტიტუტების, ადგილობრივი სპეციალისტების კომპეტენციის გაზრდას და ცოდნის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის აგროპოლიტიკის მიდგომებზე, სადაც გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალება და მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების ქმედითი ინსტრუმენტია. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს დიდი პოტენციალი, რადგან ყველა რეგიონს გააჩნია უნიკალური ბუნებრივი პირობები, ამასთან, გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტის წარმოების ტრადიციული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
მევენახეთა კონფერენცია, რომელსაც დაესწრო 300-ზე მეტი მევენახე, მეღვინე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, აგრარული მიმართულების სტუდენტები, ჩატარდა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიცირებით და ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. მევენახეებსა და მთავრობას შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მევენახეთა კონფერენციის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება.

