საქპატენტმა პანკისელ მოსწავლეებს უმასპინძლა
25 ივნისი 2019 წ.
25 ივნისს (2019წ), საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისს ესტუმრნენ პანკისის ხეობის სოფლების სკოლების მოსწავლეები. შეხვედრა „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს (JA Georgia) ინიციატივით მოეწყო, რომელიც ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „პანკისის სათემო კავშირები“ ქვეპროექტს „საბაზო ბიზნეს კონცეფციები დაწყებით განათლებაში“ პანკისის სკოლებში.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ სტუმრებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირებისა და საქპატენტის საქმიანობის შესახებ, მან ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ ობიექტებზე და ისაუბრა მათი სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობასა და როლზე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. შეხვედრის ბოლოს პანკისელ მოსწავლეებს გადაეცათ ზღაპრების წიგნები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ.
ღონისძიება ემსახურებოდა მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით.
