საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. ღონისძიება ხორციელდება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ინტელექტულუარი საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობით.
1- დან 5 ივლისის ჩათვლით (2019 წ.) 25 სტუდენტი 10 ქვეყნიდან (ავსტრია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია, საქართველო) ევროპული და ქართული უნივერსიტეტებიდან მოისმენენ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და დარგობრივი სპეციალისტების ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის საშუალებების შესახებ. საქპატენტის მოწვევით სწავლების პროცესში ასევე, ჩაერთვება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტი, რომელიც საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გააცნობს WIPO -ს მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და აღნიშნული შეთანხმებების საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებსა და პროცედურებს. კურსის მსვლელობისას, სამართლის სკოლის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს, სადაც გაეცნობიან აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ.
საქართველო უკვე მეოთხედ წარმატებით უერთდება იმ 22 ქვეყანას, სადაც სასწავლო კურსს უძღვებიან გამოცდილი დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარჩინებულ სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ხელს უწყობენ მათი ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.