„ქინძმარაულის“ ექსპორტს მონღოლეთში პრობლემები აღარ შეექმნება
12 აგვისტო 2019 წ.
მონღოლური კომპანიის ,,ტავანბოგდ ინტერნეიშენალის” (Tavanbogd International LLC) მიერ, მონღოლეთის ტერიტორიაზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული ქართული ადგილწარმოშობის დასახელება ,,ქინძმარაული“, ქართული ღვინის ჯიშების „საფერავი“, „რქაწითელი“ და ნიშანი „ალაზნის ველი“ ბათილად იქნა ცნობილი. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - ..საქპატენტი”, განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ქართული ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის მომართვის საფუძველზე, რომელსც ზემოაღნიშნული რეგისტრაციების გამო შეზღუდული ჰქონდა მონღოლეთში ღვინის ექსპორტი.
მონღონეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატაში, საქპატენტის მიერ შეტანილ დასაბუთებულ და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულ სარჩელებზე ოფიციალური გადაწყვეტილების ასლი დღეს, 12 აგვისტოს (2019წ.) ჩაბარდა. გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან მისი უკანონო გამოყენება ზიანს აყენებს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით/ადგილწარმოშობის დასახელებებით დაცულ პროდუქტებს და ლახავს მათ რეპუტაციას.
მონღოლეთში ქართული მხარის სასარგებლოდ წარმატებით დასრულებული დავები წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობისა, რომლის ფარგლებშიც სამართლებრივი მხარდაჭერა სრულად უზრუნველყო საქპატენტმა, ხოლო დავებთან დაკავშირებული ხარჯები დაფარა ქართულმა კომპანიამ ,,თელავის ღვინის მარანი“.

