სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე საქპატენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
17 ოქტომბერი 2019 წ.
დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia) ორგანიზებით, გაიმართა დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი, სადაც სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან ერთად, მეხუთედ მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.
ფორუმის ჩატარების მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების დაკავშირება მომავალ დამსაქმებლებთან. ღონისძიებაზე საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ, გააცნეს უწყების მუშაობის სპეციფიკა და საქპატენტში სტაჟირებისა თუ დასაქმების შესაძლებლობები.
ფორუმის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქპატენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქპატენტის თავმჯდომარემ გენადი ლებანიძემ. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას, ,,საქპატენტი“-ს სასწავლო ცენტრის მიერ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებულ სასწავლო პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობას, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას.

