„ხაშმის საფერავს“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვა მიენიჭა
23 იანვარი 2020 წ.
დღეს, 23 იანვარს (2020 წ.), ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა, სადაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის N1/2020 გადაწყვეტილებას ,,ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ასოცირების ხელშკრულების საფუძველზე ნაცვალგების წესით დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სიების განახლებას. კერძოდ, გადაწყვეტილების ხელმოწერის შედეგად, დღეიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ღვინის ქართული ადგილწარმოშობის დასახელებას - ,,ხაშმის საფერავი“. ასევე, განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია.
ქვეკომიტეტის სხდომაზე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე: ჩურჩხელა, და ყველი - პარმეჯიანო რეჯიანო, მხარეთა ტერიტორიებზე გამოვლენილ უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ორივე მხარის მიერ მოხდა დროული რეგირება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მექანიზმების ეფექტური გამოყენება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად. ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება. დღეს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა.
