ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP)
03 თებერვალი 2020 წ.
დღეს, 3 თებერვალს (2020 წ.), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) პირველი წლის სამუშაო გეგმის შემუშავების დაწყების მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელი, იბონ ორმაზაბალი.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში, კერძოდ კი, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემის დახვეწას და ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან ჰარმონიზებას. პროექტს განახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) და მისი ძირითადი ბენეფიციარია სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“.
ამასთან, პროექტში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, პროექტის მიზნების გასაცნობად და სამუშაო გეგმაში მათი მოსაზრებებისა და წინადადებების ასახვის მიზნით, იბონ ორმაზაბალმა პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პატენტრწმუნებულებთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ორმაზაბალი შეხვედრებს გამართავს იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპის ბიზნეს ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან.
,,ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ (EUGIPP) პროექტი სამწლიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1,2 მილიონ ევროს.
