საქპატენტს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა
14 თებერვალი 2020 წ.
2020 წლის 14 თებერვალს, საქპატენტის მცხეთის ოფისში, გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, იერმეკ კუანტიროვსა და საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა ფრუიძეს შორის.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და დასახეს სამოქმედო გეგმები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის „გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების დასახელებების საერთაშორისო დონეზე დაცვა, ამდენად, მიზანშეწონილია ყაზახეთის რესპუბლიკასთან საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მხარეები ნაცვალგების წესით აღიარებენ და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივ დაცვას, რის საფუძველზეც შემცირდება ქართული დასახელებებით გაფორმებული კონტრაფაქციული პროდუქციის წარმოებისა და ყაზახეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბრუნვის ალბათობა. საგულისხმოა, რომ საქპატენტს განაცხადის პირდაპირი შეტანის წესით ყაზახეთში უკვე რეგისტრირებული აქვს 21 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება.
საქართველოს გაფორმებული აქვს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის ორმხრივი შეთანხმებები ევროკავშირთან, შვეიცარიის კონფედერაციასთან და უკრაინასთან. აღნიშნულ შეთანახმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია, ასევე, მოლდოვასთან.
