„ახმეტა“ – სახელმწიფო რეესტრს ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დაემატა
11 მაისი 2020 წ.
კახეთის რეგიონისთვის კიდევ ერთი ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელება დარეგისტრირდა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებამ „ახმეტაზე“ რეგისტრაციის მოწმობა გასცა. განაცხადი უწყებაში სსიპ „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ შემოიტანა.
„ახმეტა“ თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა, მიკროზონა მდებარეობს შიდა კახეთში, მდინარე ალაზანის ზედა წელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ღვინო „ახმეტა“ მზადდება ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან, დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკროზონაში მოწეული ქისის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი, ჯამურად 15%-მდე.
სპეციფიკაციაში აღნიშნულია, რომ „მევენახეობა-მეღვინეობა ახმეტის რეგიონში, ისევე, როგორც დანარჩენ კახეთში, უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ყოველთვის ეჭირა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქ მცხოვრებთა სამეურნეო საქმიანობაში“.
ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებით დასტურდება, რომ ღვინო „ახმეტა“ ნამდვილად განსაკუთრებული პროდუქტია.
„ახმეტას“ სრულ სპეციფიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

