სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) და საქპატენტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდა გაიმართება 28 მაისს (2020 წ.), 16:00 საათზე. დიალოგი მიეძღვნება კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პერიოდში საქართველოში კონტრაფაქციის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებსა და პერსპექტივას.
მრგვალ მაგიდაში, რომელსაც INTA-ს 50-მდე წევრი დაესწრება, მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან. პრეზენტაციით წარსდგებიან: საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, INTA-ს აღსრულების კომიტეტის წევრი და იურიდიული კომპანიის „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ მმართველი პარტნიორი გიორგი თაქთაქიშვილი; შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია; ასევე, კომპანია „ნოვარტისის“ სასაქონლო ნიშნებისა და დომეინების მიმართულების ხელმძღვანელი, INTA-ს ანტიკონტრაფაქციის კომიტეტის თავმჯდომარე მირტა ჰურტადო რივასი და ფერინგ ფარმაცევტიკალის გლობალური ბრენდების ინტელექტუალური საკუთრების დირექტორი ნატალი რუფინი.
შეხვედრას, რომელიც ტრადიციულად ორ საათს გრძელდება, გახსნის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და კომპანია „დერისის“ წარმომადგენელი და INTA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკონტრაფაქციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ოკან კენი. მოდერაციას უზრუნველყოფს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კასრაძე და კომპანიის „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ წარმომადგენელი, INTA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკონტრაფაქციის ქვეკომიტეტის წევრი გიორგი ცატავა.
INTA-ს ტრადიციული მრგვალი მაგიდა ემსახურება სასაქონლო ნიშნების თემაზე აქტუალური ინფორმაციის გაზიარებას სფეროს პროფესიონალებს შორის. სასაქონლო ნიშნების მფლობელთა და სფეროს სპეციალისტთა შეხვედრების ორგანიზებით, INTA ეხმარება სასაქონლო ნიშნებისა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვას და კეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის განხორციელებას.
INTA-ს წევრია 187 ქვეყნის 7200-ზე მეტი ორგანიზაცია და ის აერთიანებს სასაქონლო ნიშნების სფეროში მომუშავე 31 000 პროფესიონალს. INTA-ში გაწევრიანებულია როგორც სასაქონლო ნიშნების მფლობელი კორპორაციები, ისე საშუალო და მცირე მეწარმეები, იურიდიული ფირმები და არასამთავრობო ორგანიზაციები. წევრებს შორის არიან სახელმწიფო უწყებები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
INTA-ს შეხვედრების კალენდარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.inta.org/Roundtables/Pages/PastRoundtables.aspx