ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლა დისტანციურ რეჟიმში იმართება
13 ივლისი 2020 წ.
ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციის - ელსა საქართველოს (ELSA Georgia) და საქპატენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საზაფხულო სკოლა დღეს, 13 ივლისს (2020 წ.) გაიხსნა. ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მიზანია ევროპელი და ქართველი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დარგში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
ოთხი დღის განმავლობაში 21 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის 50-მდე სტუდენტი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების სისტემასა და მისი დაცვის მექანიზმებზე. ვებინარების თემატიკა მოიცავს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა და კანონმდებლობის მიმოხილვას, ისე პრაქტიკული მაგალითების განხილვას. ლექციებს წაიკითხავენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის, ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.
ELSA - იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა, რომელიც მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 390-მდე ცნობილ უმაღლეს სასწავლებელს მთელს ევროპაში, 51000-მდე იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს. ELSA - Georgia - საერთაშორისო ქსელის ლოკალური წარმომადგნლობაა. ELSA-ს ეგიდით საზაფხულო სკოლა სამართლის სხვადასხვა დარგში ყოველწლიურად 32 ქვეყანაში ტარდება, საქართველოში კი - რამდენიმე წელია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის მხარდაჭერით იმართება.


