სპეციალური გაკვეთილები ინტელექტუალური საკუთრების თემაზე
26 აპრილი 2017 წ.
მთელი საქართველოს მაშტაბით საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების 2000-მდე მოსწავლეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან - 26 აპრილთან დაკავშირებით, სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან (USAID/G-Pried) თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, IV-V კლასებისათვის სპეციალური გაკვეთილის გეგმა მე-2 წელია მუშავდება და საჯარო სკოლებს ეგზავნებათ რეკომენდაცია აღნიშნული გაკვეთილის ჩატარებაზე. სასწავლო მასალად გამოყენებულია G-Pried-ისა და საქპატენტის თანამშრომლობით შექმნილი საკითხავი წიგნები ინოვაციების შესახებ: „ქოლგა“, „სარეცხი მანქანა“ და „კომპასი“ (ავტორი: ირმა მალაციძე).
თბილისში, 133 საჯარო სკოლაში, ჩატარებულ გაკვეთილებს, USAID/G-Pried-ის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის ინოვაცია, რაზე გაიცემა პატენტი, რას წარმოადგენს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და რა დღეა 26 აპრილი. გაკვეთილებზე მოსწავლეებმა დაწერეს მხატვრული თემები ინოვაციების შესახებ და წარმოადგინეს კლასში მოფიქრებული საკუთარი „გამოგონების“ პრეზენტაციები.
მოსწავლეებს დაურიგდათ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა პატენტების შესახებ, გამოგონებისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც დაიბეჭდა საქპატენტისა და G-Pried -ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში და რომელიც, ასევე, ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი საქპატენტის ვებ გვერდზე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება 26 აპრილს, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუარული საკუთრების საკითხებში. ზემოაღნიშნული სპეციალური გაკვეთილების ჩატარების მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართ პატივისცემის გაღვივება.”
