საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მეკობრეობის პრობლემაზე იმსჯელეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პარლამენტში. სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი ორგანიზებული იყო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატთა მხარდაჭერით.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც დაისვა ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ.
„დღეს განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში. საქპატენტმა შეიმუშავა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე საჭიროებს კერძო სექტორთან განხილვას. კანონმდებლობის დახვეწა უკავშირდება ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების მფლობელებისათვის საჯარო უწყებების გარეშე კერძო სამართლებრივი გზით უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემოღებას. მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში სწორედ კერძო სექტორისა და უფლებების მფლობელების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მათ შორის, ინტერნერტ სივრცეში უფლებების ეფექტურ აღსრულებას“ - აღნიშნა შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.
მისი განცხადებით, საქართველოში საავტორო უფლებების აღსრულების ეფექტური სისტემის უზრუნველყოფა მოითხოვს აქტიურ მუშაობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან და მოუწოდა მხარეებს თანამშრომლობისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულებისათვის, პროგნოზირებადი და მდგრადი გარემოს შექმნის კუთხით.
იგეგმება საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის პროცესის გაგრძელება და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობის დასრულება, რომელიც გადაეგზავნება განსახილველად საქართველოს მთავრობას.