„გეოგრაფიული აღნიშვნები დამატებითი მექანიზმია სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით„ - მინდია დავითაძე
16 სექტემბერი 2020 წ.
საერთაშორისო სასწავლო კურსი „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ წელს დისტანციურ რეჟიმში იმართება. კურსს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ნაწილია, მეოთხე წელია საქპატენტი უწევს ადმინისტრირებას.
ინფორმაციას გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების, დაცვის სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების და საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის საქართველოს გამოცდილების შესახებ, წელს17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და შესაბამისი სამინისტროების ექსპერტები გაეცნობიან. კურსს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად უძღვებიან საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. დღის წესრიგშია მსჯელობა ბრენდინგის სტრატეგიებსა და ამ პროცესში გეოგრაფიული აღნიშვნების როლზე, ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებზე და მოქმედ კანონმდებლობაზე, რომლითაც წესრიგდება გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული საკითხები.
კურსი გახსნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ. მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა: „გლობალური პანდემიის პირობებში, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეები შეუქმნა მსოფლიოს სურსათისა და კვების ინდუსტრიას მიწოდებისა და მოთხოვნის კუთხით, ზოგიერთი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სისტემების განვითარება - გაძლიერებას.
ამასთან, როგორც ცნობილია, გეოგრაფიულ აღნიშვნებს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ამ პროცესში, რადგან წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ადგილობრივი წარმოების პროდუქტების რეპუტაციისა და ხარისხის ზრდის თვალსაზრისით და ხელს უწყობს პროდუქტების არა მხოლოდ საექსპორტო პოტენციალის, არამედ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ეს კი, დამატებითი მექანიზმია სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით“.
WIPO-ს აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ “პროფესიული განვითარების კურსი“ მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტების კვალიფაკაციის ამაღლებას. აკადემია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე კურსებს ატარებს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების წამყვან უწყებებთან ერთად. საქპატენტი არის პირველი რეგიონში, რომელიც ადმინისტრირებას უწევს WIPO-ს აკადემიის PDP-ის კურსს და ყოველ წელს მაღალ შეფასებას იმსახურებს.

