საქპატენტი მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტებს აუმჯობესებს
13 ოქტომბერი 2020 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა დაიწყო წინა ხაზის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქპატენტის სერვისებზე, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე რეგისტრაციისთვის, ასევე, საპატენტო განაცხადებზე მომხმარებელთა მომსახურების ეფექტიანობის გაზრდას, კონსულტაციისა და კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.
უწყების მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს 6 დღიანი ტრენინგ-კურსი „მომსახურების სტანდარტები“, რომლის პროგრამა მოიცავდა როგორც საქპატენტის სერვისების, ისე ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის კომპონენტს. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების კონსულტანტი, მაია ხოსიტაშვილი.
ტრენინგ-კურსი დაიგეგმა და ჩატარდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის მიერ. შემუშავებულმა პროგრამამ უზრუნველყო საქპატენტის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომელთა აღჭურვა საჭირო ცოდნითა და უნარებით, რითიც ისინი შეძლებენ მოქალაქეთათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას.


