„როგორ ვაქციოთ იდეა ინოვაციად“ – ტრენინგი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის
10 ნოემბერი 2020 წ.
საქპატენტის სასწავლო ცენტრმა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების სერიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა იმ ახალგაზრდა მეწარმეებისათვის, რომლებიც საქართველოს რეგიონებში სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მუშაობენ.
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში 5 და 6 ნოემბერს გაიმართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „EU4YOUTH – საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში.
ახალგაზრდა მეწარმეები დეტალურად გაეცნენ პროცესის ეტაპებს, თუ როგორ უნდა იქცეს მათი იდეა ინოვაციურ პროდუქტად და ინტელექტუალური საკუთრების რომელი ობიექტის ქვეშ უნდა მოხდეს მათი დაცვა. ასევე, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ მეწარმის უფლებებისა და მათი გამოყენების შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენენ მის ინოვაციურ პროდუქტზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები.
საქპატენტის სასწავლო ცენტრს შემუშავებული აქვს ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების მფლობელებისა და მოსარგებლეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებიც ემსახურება უწყების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას - ინტელეტუალური საკუთრების დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


