„ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამომავლო თანამშრომლობა გაგრძელდება და დახმარება კიდევ უფრო გაძლიერდება“ – დევიდ დე ფალკო
12 დეკემბერი 2020 წ.
ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის პლატფორმის შენარჩუნების მიზნით, საქართველოში ვირტუალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ დე ფალკო საქპატენტის თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა უწყების წარმატებული თანამშრომლობა კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP), აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან (USPTO) და მის გლობალურ ინტელექტუალური საკუთრების აკადემიასთან (GIPA), ასევე, აღინიშნა თანამშრომლობა USAID/საქართველოსთან.
მინდია დავითაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერებისა და ქართველი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ელექტრონული მმართველობის (E-Governance) პროექტის ფარგლებში დანერგილი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) ფარგლებში შემუშავებული „ხარისხის მართვის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-Pried) დახმარებით შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ საკითხავი წიგნების გამოცემისთვის. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა და მისგან მიღებული შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში.
შეხვედრაზე დევიდ დე ფალკომ საქპატენტის თავმჯდომარეს დაუდასტურა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამომავლო თანამშრომლობა გაგრძელდება და დახმარება კიდევ უფრო გაძლიერდება.
აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის ამოცანაა პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის სათანადო პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა, სამართლიანი და ორმხრივი ვაჭრობის უზრუნველყოფით, ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. გარდა ამისა, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყნებს საჭირო მონაცემების მიწოდებით და გავრცელებით, რათა მათ განახორციელონ კომერციული საქმიანობა კონსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში. დეპარტამენტის მიზანია ფუნდამენტური კვლევებითა და სტანდარტების დადგენით ხელი შეუწყოს ინოვაციების განვითარებას.

