„ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ ფარგლებში, საქპატენტისთვის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოსაპოვებლად სამუშაოები იწყება. აღნიშნული საკითხის განსახილველად საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე EUGIPP პროექტის ხელმძღვანელს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელს იბონ ორმაზაბალს შეხვდა. EUGIPP-ს საქპატენტთან ერთად, EUIPO ახორციელებს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების მართვის სისტემის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე გაცხადდა კონტრაქტორი კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ კონსულტაციას გაუწევს ISO სტანდარტების დანერგვისა და ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოპოვების პროცესში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტანდარტის დანერგვის დროს სრულად იქნება გათვალისწინებული EUIPO-ს და სხვა ქვეყნების ანალოგიური უწყებების წარმატებული მაგალითების გამოცდილება ISO სტანდარტის დანერგვისა და სერტიფიცირების მიმართულებით.
ხარისხის მართვის სისტემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ორგანიზაციას საქმიანობის მეტად ეფექტიანად განხოციელებაში. საქპატენტში ISO ხარისხის მართვის სისტემის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს უწყების საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლება, სამუშაოს შედეგებზე პერსონალური პასუხისმგებლობის გაზრდა, საქპატენტის ყველა ძირითადი და დამხმარე სამუშაო პროცესების მოწესრიგება და სათანადო ორგანიზება.
EUGIPP 2020 წლის 1 იანვრიდან ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში, სამწლიანია და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს.