საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ფუნქციონირების მაღალი სტანდარტის დასანერგად თანამშრომლობას იწყებს საკონსულტაციო კომპანიასთან „მენეჯმენტის სისტემები“. პირველი სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციების მენეჯმენტს შორის დღეს, 24 დეკემბერს გაიმართა სამუშაო გეგმის განსაზღვრის მიზნით, რომლის საბოლოო შედეგი საქპატენტის მიერ ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოპოვებაა.
საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოების (TUV SUD და ა.შ ) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც დაეხმარება საქპატენტს შექმნას და დანერგოს ხარისხის მართვის მოქნილი სისტემა, აამაღლოს თანამშრომლების კვალიფიკაცია შრომის ნაყოფიერების გაზრდის და კომპანიაში მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე, უწყება მიიღებს კონსულტაციას ხარისხის მართვის, თუ შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზებზე.
ISO 9001:2015 მოთხოვნის შესაბამისად, უწყება განსაზღვრავს საჭირო პროცესებს, დაადგენს მათ თანმიმდევრობას, დოკუმენტურად აღწერს თითოეულ მათგანს, შეამოწმებს და გააანალიზებს ცალკეულ პროცესს და იზრუნებს მუდმივად გააუმჯობესოს სისტემის ეფექტიანობა. აღნიშნული კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქპატენტის იმიჯს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რისი თანმდევი პროცესია ახალი საერთაშორისო პარტნიორების გაჩენა და ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის მოპოვება.
უწყება იზიარებს რა ISO 9001:2015 პრინციპებს, სურს იყოს ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე, ლიდერობაზე, პერსონალის ჩართულობაზე, პროცესუალურ მიდგომებზე, გაუმჯობესებაზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობების მართვაზე. აღნიშნული პრინციპებით მუშაობის დანერგვა უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი (EUIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.
საქპატენტის მენეჯმენტისა და კომპანიის „მენეჯმენტის სისტემები“ წარმომადგენლების შეხვედრაზე დასახელდა ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოპოვების დაახლოებითი თარიღი - 2021 წელი.
სამოქმედო გეგმის თანახმად, კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ განახორციელებს არსებული მდგომარეობის ანალიზს, თანამშრომლების მომზადებასა და სისტემის შემუშავებას, დანერგვას, წინასასერტიფიკატო აუდიტის განხორციელებას, სერტიფიცირებას, სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.