2020 წლის 29 დეკემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. საქპატენტმა დააჯილდოვა მესამე ადგილზე გასული ახალციხის საჯარო სკოლის გუნდი პროექტისთვის მობილური აპლიკაცია „GoGeoGo“. პროგრამა დაეხმარება საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
საქპატენტის გადაწყვეტილებითა და დაფინანსებით გუნდის წევრები ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის STEM ბანაკს (Haifa TeenTech at the Technion) ეწვევიან. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბანაკში შექმნილია პროგრამა, რომელიც იძლევა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობის შესაძლებლობას. სამეცნიერო ბანაკში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარება მომავალში ახალი პროექტებისა და გამოგონებების შექმნაში, ასევე, პარტნიორობის დამყარებაში წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან.
„ნამდვილად დასაფასებელია, რომ ვხედავთ კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც ახალგაზრდები მიზანმიმართულად ფიქრობენ არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, შემოქმედებითად უდგებიან და კრეატიული გზით ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს“ – მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ყოველთვის აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ კონკურსში, რომელიც ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა საქპატენტის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათანადოდ განვითარებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა დამატებითი სტიმულია ინოვატორებისთვის შექმნან ახალი და ღირებული პროდუქტი.