6 მარტს, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე საქმიანი ვიზიტით ქ. კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოვასა და საქართველოს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს - AGEPI-ს გენერალურ დირექტორთან ოქტავიან აპოსტოლთან, და უწყების სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას პარტნიორობა მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებაზე, ორი ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო დონეზე დაცვასა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოებაზე, რაც ერთობლივი ძალისხმევით უფრო ეფექტურად და შედეგიანად მიიღწევა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. შეფასდა საქპატენტსა და AGEPI-ს შორის თანამშრომლობის მიმდინარე ეტაპი და განისაზღვრა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრს ედუარდ გრამას და ვაზისა და ღვინის ეროვნული სამსახურის დირექტორს გეორგ არპენტინს. შეხვედრაზე განიხილეს მოლდოვასა და საქართველოს შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა.