DL101GE კურსის გავლის შემდეგ თსუ-ს სტუდენტები შეძლებენ შესაბამისი კრედიტების მიღებას
20 აპრილი 2021 წ.
ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, საქპატენტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს, რომელსაც საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ინტელეტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გავლის შედეგად სტუდენტებისთვის შესაბამისი კრედიტების მინიჭებას, რაც ხელს შეუწყობს დარგში ცნობიერების ამაღლებას, კურსის ცნობადობას და სამომავლოდ დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდას.
მოცემული მომენტისთვის ქართულ ბაზარზე არ არსებობს DL101GE დისტანციური სწავლების ანალოგიური კურსი, რომელიც განკუთვნილია დარგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის - არის მარტივი, მოსახერხებელი, უფასო და გაეროს სპეციალიზებული უწყების მიერ სერტიფიცირებული. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები). კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის ელექტრონული სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებების შესახებ სხვა კურსები.
ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი სტუდენტების დაინტერსება, განსაკუთრებით მომავალ სამართალმცოდნეებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია. სტუდენტების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის DL101GE-ს გარდა, მემორანდუმის ფარგლებში, საქპატენტი და თსუ ერთობლივად გეგმავენ სხვა სასერტიფიკატო კურსებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე, დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციებისა თუ სამუშაო შეხვედრების მოწყობას.


