ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ დიპლომატს გააცნო საქპატენტის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი იტალიის რესპუბლიკის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტისა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში. საქპატენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იტალიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დარგის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისათვის.
იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში საქპატენტთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება და იგი დაეხმარება საქპატენტს იტალიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან ორმხრივი თანამშრომლობის ინიცირებაში, მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა ხელი მოეწეროს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
იტალიის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე მომუშავე უწყებების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და შესაძლებლობების განვითარებას.