საქპატენტი ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან - მაშავთან ითანამშრომლებს
20 მაისი 2021 წ.
საქპატენტის ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მინდია დავითაძემ წუხილი გამოხატა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია რეგიონში განიმუხტება და მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში თანაცხოვრებას.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებასთან, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან - მაშავთან საქპატენტის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და ერთობლივი პროექტების წამოწყებაზე. საგულისხმოა, რომ მაშავი უზრუნველყოფს სხვადასხვა კურსების გამართვას 140-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და მსგავსი პროექტების ინიცირება დაეხმარება საქპატენტს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და მათი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში. ამავე მიმართულებით, ხაზი გაესვა ერთ-ერთ მთავარ თემას - ისრაელის საპატენტო უწყებასთან ერთობლივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც, ებრაელი კოლეგების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩატარდება ტრენინგ-კურსები და განხორციელდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამები.
გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის საპატენტო უწყება ისრაელის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ისრაელის ელჩმა, როგორც ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქპატენტს ზემოაღნიშნულ უწყებასთან ოფიციალური კავშირის დამყარებასა და თანამშრომლობის ინიცირებაში.
აღსანიშნავია, რომ საქპატენტი, თავის მხრივ, დიდ ინტერესს იჩენს ისრაელში დანერგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლების მიმართ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდი საქპატენტმა დააჯილდოვა და უზრუნველყობს გუნდის ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის STEM ბანაკში (Haifa TeenTech at the Technion) გამგზავრებას, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნობიან.


