საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება
15 ივნისი 2021 წ.
ღონისძიება საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში ტარდება.
ფორუმი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ გახსნა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროსმა იგნასიო დე მედრანომ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა , საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ, გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დიმიტრი ფაღავამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარები, სადაც ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა კონტრაფაქციასთან ბრძოლის გლობალურ მიდგომებზე და ციფრულ სამყაროში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმარულებით არსებულ გამოწვევებზე.
ფორუმის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკისა და ადმინისტრაციულ/სამართლებირივი პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. ასევე მნიშვნელოვანია , ქართველ და ევროპელ კოლეგებს შორის კანონმდებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებზე ზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ცნობილი სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციული პროდუქციის გამოფენა, სადაც სასაქონლო ნიშნების მფლობელები და პატენტრწმუნებულები სემინარის მონაწილეებს კონკრეტული პროდუქციის იმ ტექნიკურ მახასიათებლებს წარუდგენენ, რომლითაც პროდუქტის ავთენტურობა დგინდება.
საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით მიმდინარე ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
