ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში
16 ივნისი 2021 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის , გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძებაში „ტექნოლოგიების გადაცემა საქართველოში“ (Technology Transfer in Georgia).
ღონისძიება „Experts.ai for Georgia“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს .
შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის ძირითადი მიღწევები და აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი პლატფორმის (Experts.AI) შედეგები შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ჩართულობით პლატფორმაზე განთავსდა საქართველოს უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მოქმედი პატენტები. ღონისძიებაზე დისკუსიური მსჯელობა გაიმართა ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. აღნიშნული საკითხები განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით - როგორც ბიზნესისა და აკადემიური სფეროს, ისე საჯარო სექტორის ჩართულობისა და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში.
მერაბ კუციამ მონაწილეებს საქპატენტის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერის პროცესში უწყების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს უკანასკნელი კი, წინასწარი საპატენტო ძიების უფასო სერვისს, საკონსულტაციო მომსახურებას განმცხადებლებისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის და სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების წესდების შექმნაში მხარდაჭერას მოიცავს.
მერაბ კუციამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებსა თუ წინააღმდეგობებზე, რომლებსაც მეცნიერები აწყდებიან თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ტექნოლოგიების გადაცემის საერთაშორისო პრაქტიკიდან წარმატებულ მაგალითებსაც გაეცნენ .

