მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების გამოცდა (DUS ტესტი) საქართველოში იქნება შესაძლებელი
26 აგვისტო 2021 წ.
საქართველოში მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების (განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა) გამოცდის (DUS ტესტი) ჩატარება შესაძლებელი უახლოეს მომავალში იქნება. გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი უწყების განსაზღვრისთვის საჭირო სამართლებრივი და ტექნიკური ღონისძიებები მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს.
ონლაინ ფორმატში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაციის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ დრომდე DUS ტესტის ჩატარებაზე უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო არ არსებობს, რაც ადგილობრივ სელექციონერებს, მცენარეთა ახალ ჯიშებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების კუთხით, გარკვეულ სირთულეებს უქმნის. უფლებამოსილების განსაზღვრის შემდეგ, საქპატენტში მცენარეთა ახალი ჯიშების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება საქართველოში ჩატარებული DUS ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, რაც დაზოგავს სელექციონერების ხარჯებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სელექციონერების, თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების განვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში ჩაერთვება მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირი (UPOV), რომელიც ქართულ მხარეს ტესტის ჩამტარებელი ორგანოს შექმნაში დაეხმარება და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს.

