DL101GE-ს მე-7 სესიის წარჩინებული მსმენელებისთვის WIPO-ს აკადემიის მოწინავე კურსები უსასყიდლოა
13 სექტემბერი 2021 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) გაზაფხულის სესიის წარჩინებულ 12 კურსდამთავრებულს დღეს სერტიფიკატები გადაეცა. საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), 12-ვე პირს, მათი ინტერესის გათვალისწინებით, WIPO-ს აკადემიის სპეციალიზებულ კურსს დაუფინანსებს.
დისტანციურ რეჟიმში გამართულ საზეიმო ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი და WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი ალტაიე ტედლა .
ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა DL101GE-ს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვედრაზე აცნობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ინტელექტუალური საკუთრების დარგის კონკრეტული მიმართულება და სწავლა განაგრძონ უსასყიდლოდ. WIPO-ს აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სასაქონლო ნიშნების, დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ან საავტორო უფლებების შესახებ კურსების გავლას.
DL101GE-ს დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მისი საშუალებით სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს უსასყიდლოდ შეისწავლოს ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები. DL101GE შექმნილია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო კურსის შესაბამისად. სასწავლო მასალა WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობით საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დისტანციური სწავლების ქართულენოვანი კურსი 4 წელია მიმდინარეობს და უკვე 951 კურსდამთავრებული ჰყავს. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია ხვალ, 14 სექტემბერს იხსნება, სწავლა 14 ოქტომბერს დაიწყება და 12 მოდულისგან შემდგარი კურსი 6 კვირა გაგრძელდება.
