საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენება საქმიანობის პროცესში - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენინგი ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის
19 ოქტომბერი 2021 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგს „საავტორო უფლებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას საავტორო უფლებების ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც მათ საქმიანობის პროცესში ესაჭიროებათ.
დისტანციურ რეჟიმში მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ საავტორო უფლებების დაცვის საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნება ასევე, საკოლექციო მონეტებზე და ფულის ნიშნებთან დაკავშირებით საავტორო უფლებების რეგულირებისა და სხვა დაკავშირებული საკითხები.
საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები - საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები ბანკის თანამშრომლებს მიაწვდიან ინფორმაციას საავტორო უფლებების ძირითადი პრინციპების, უფლებების გადაცემისა და აღსრულების, ასევე, საავტორო უფლებების შეზღუდვებისა და გამონაკლისების, კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების შესახებ.
ტრენინგი, რომელიც დღეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ გახსნა, ოთხ დღეს გაგრძელდება.
