Darts ip-სთან მემორანდუმი გააფორმა საქპატენტმა
24 მაისი 2017 წ.
24 მაისიდან (2017 წ.) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პრაქტიკის საერთაშორისო მონაცემთა ბაზა „დართს-აიპი“ (Darts ip) ხელმისაწვდომი გახდა საქპატენტის ექსპერტებისთვის. საქპატენტმა და Darts ip-მა, ბარსელონაში მიმდინარე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს 5 წლის ვადით.
მემორანდუმის თანახმად, Darts ip-ი და საქპატენტი გაცვლიან ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში არსებული პრაქტიკის შესახებ. კერძოდ, საქპატენტის თანამშრომლები ავტორიზებულნი იქნებიან, უფასოდ და შეუზღუდავად გამოიყენონ Darts ip-ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემთა ბაზა. საქპატენტი თავის მხრივ, სისტემატურად გაუზიარებს Darts ip-ს საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამოქვეყნებულია საქპატენტის ვებ-გვერდზე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებათა არქივში, ხოლო Darts ip უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტების განთავსებას საკუთარ მონაცემთა ბაზაში. გარდა ამისა, Darts ip-ი იღებს ვალდებულებას ჩაატაროს ტრენინგები ქართველი მომხმარებლებისთვის და ქართულ ენაზე უზრუნველყოს ტრენინგის მასალა Darts ip-ს მონაცემთა ბაზის გამოყენების თაობაზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქპატენტის თანამშრომლებს, უკეთ გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში მსოფლიო პრაქტიკას, ასევე საშუალებას მისცემს საქპატენტს, საერთაშორისო მასშტაბით გააზიაროს ქართული პრაქტიკა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ.
Darts ip-ი არის უმსხვილესი კომპანია, რომელიც კომერციული მიზნით აგროვებს და საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნების უწყებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში.

