ინტელექტუალური საკუთრების დარგის გაძლიერებისთვის CLDP-სა და საქპატენტის თანამშრომლობა გრძელდება
17 დეკემბერი 2021 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის ოფისის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებსა და საქპატენტის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრაზე CLDP-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქპატენტთან მათი მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.
მხარეებმა განიხილეს საქპატენტის და CLDP-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად აქტიურად ხორციელდება და ემსახურება სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. უწყება ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას მოსამართლეების, ჟურნალისტების, ადვოკატებისა და სტუდენტების ტრენინგებს, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ექსპერტების სასწავლო ვიზიტებს აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ვიზიტებს საქართველოში, ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებისათვის. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ CLDP-ის მხარდაჭერით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის - ,,საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“ 2022 წელს ჩატარების შესახებ, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე.
საქპატენტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, CLDP მრავალი წელია დახმარებას უწევს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. პროგრამის დაფინანსებით განხორციელებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაძლიერებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებები, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების სახით, უზრუნველყოფს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას.
