საქპატენტის სასწავლო ცენტრი საჯარო უწყებებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების სერიას აგრძელებს
04 მარტი 2022 წ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის სასაქონლო ნიშნების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. სწავლება მიზნად ისახავდა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისათვის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის საფირმო დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სამართლებრივი საკითხების გაცნობას.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ დისტანციურ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილა ტრენინგის მიზნები და გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრაზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს დაეხმარება საფირმო სახელწოდებებთან დაკავშირებით რეგისტრაციის პროცედურების განხორციელებაში.
ტრენინგს უძღვებოდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა
და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი, მარიამ კეპულაძე, რომელმაც შეხვედრის
ფარგლებში მიმოიხილა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის, სასაქონლო ნიშნების ტიპები,
საფირმო სახელწოდებებისა და სასაქონლო ნიშნების ურთიერთკავშირი და საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურები,
ასევე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს
სასაქონლო ნიშნების მსგავსების დადგენის კრიტერიუმები და ძიების ფუნქციები.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი
სისტემატურად ახორციელებს საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს სხვადასხვა მიზნობრივი
ჯგუფებისთვის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც მათ ეხმარება ინტელექტუალური
საკუთრების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

