ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ინფოგრაფიკების კონკურსში გამარჯვება გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს
28 აპრილი 2022 წ.
ღონისძიების დასკვნით
ნაწილამდე, მოსწავლეებს, მათ მენტორებს, პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს სიტყვით
მიმართეს პროექტში ჩართული სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა, კერძოდ, საქპატენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, ევროკავშირისა და საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ხელმძღვანელმა მარტინ მარიანოვმა,
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების
განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ და საქართველოს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. დამსწრეები გაეცნენ პროექტის
მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფორმაციას საქპატენტის სასწავლო ცენტრის
ელექტრონული სწავლების ახალი კურსების შესახებ.
„ინტელექტუალური საკუთრების
საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა: ინოვაცია
უკეთესი მომავლისათვის“ ნათლად ასახავდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინოვაციური აზროვნების
მქონე, ენერგიული და შემოქმედებითი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა. მსგავსი სახის პროექტები
ხელს შეუწყობს საზოგადოებას გააცნობიეროს, თუ როგორ ეხმარება ინტელექტუალური საკუთრების
უფლებები ხვალინდელი დღის ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის შექმნაში“ განაცხადა საქპატენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა.
ღონისძიების განხორციელება
შესაძლებელი გახდა, ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის
(EUGIPP) ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების ორგანიზაცია (EUIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი „კრეატიულობა და ინტელექტუალური
საკუთრება საქართველოს სკოლებში" მიმართულია საბაზისო განათლების სისტემაში ინტელექტუალური
საკუთრების სწავლების ინტეგრირების ხელშეწყობისკენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებში
კრეატიულობისა და შემოქმედებითობის გაღვივება. პროექტში ჩართულია საქართველოს 4 სკოლა
(გორის №8, გორის №12, თბილისის №122, თბილისის №133 საჯარო სკოლები), რომლის მასწავლებლების
გადამზადება ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში 2020 წლიდან მიმდინარეობს.
ინფოგრაფიკების კონკურსიც
შერჩეული სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების V-IX კლასების
მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდებმა. კონკურსი ჩატარდა ქართულ ენაზე, მას ადმინისტრირებას
უწევდა საქპატენტის სასწავლო ცენტრი, ხოლო გუნდების ნამუშევრები, წინასწარ დადგენილი
კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა საქპატენტის თანამშრომლებისა
და განათლების ექსპერტისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა.
კონკურსის
მოსამზადებელ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და განათლების ექსპერტმა კონკურსში ჩართული
კოორდინატორი მასწავლებლებისთვის ჩაატარეს სპეციალური ონლაინ ტრენინგი, რომელზეც მასწავლებლებს
გააცნეს კონკურსის კალენდარი, გუნდების დაკომპლექტების პროცედურები, თემატური ინფოგრაფიკის
შექმნის პრაქტიკული სტრატეგიები, ინფოგრაფიკების შეფასების პრინციპები და წინასწარ
დადგენილ კრიტერიუმები. შემდგომ ეტაპზე, მასწავლებლებმა კოორდინაცია გაუწიეს მონაწილე
გუნდის მიერ კონკურსის საფეხურების თანმიმდევრულად განხორციელებას, გუნდების მიერ ნამუშევრების
ვადაში შესრულებასა და უზრუნველყვეს საკონკურსო ნამუშევრების საქპატენტის სასწავლო
ცენტრისთვის ვადაში მიწოდება.

