საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების დანერგვაზე მუშაობს
04 მაისი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და მართვა, კომპანიების არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება, გამოწვევები და დაძლევის გზები არის, საქპატენტში მიმდინარე 2 დღიანი ტრენინგის მთავარი თემები, რომლებსაც უწყების თანამშრომლებს აცნობს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი. საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მიმდინარე ღონისძიება მიზნად ისახავს, საქპატენტის თანამშრომლების გადამზადება წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო აქტივობა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა და EUGIPP-ის ხელმძღვანელმა მარტინ მარიანოვმა.
სასწავლო პროგრამა ინტერაქციულია და მოიცავს ვირტუალურ სადისკუსიო ოთახებში პრაქტიკული დავალებების შესრულებას და პროექტის ექსპერტის მიერ საქპატენტის თანამშრომლებისთვის რეკომენდაციების გაზიარებას, ასევე, საქპატენტის თანამშრომლებს გადაეცემათ სათანადო მასალები, სახელმძღვანელოები და პრაქტიკული საცნობარო დოკუმენტები და შაბლონები, რომელიც გამოყენებული იქნება მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების მიმდინარეობისას.
EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში.
