საქპატენტმა ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგი ჩაატარა
20 მაისი 2022 წ.
პატენტი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მათი წარმოშობა, დაცვა და გამოყენების გზები - იმ თემების ჩამონათვალია, რომელსაც გაეცნენ ევროპისა და ქუთაისის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე. სასწავლო აქტივობაში, რომელსაც უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ტუტორები, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების სამართლის, ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა.
ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ ტრენინგზე - „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პატენტის მნიშვნელობის, მისი გაცემისა და განსაკუთრებული უფლებების შესახებ, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მნიშვნელობის, უფლებების ფლობის, გადაცემის, მისი მართვის თავისებურებების და უფლებების აღსრულების მიმართულებით. ამასთანავე, გაეცნენ რეგისტრაციის პროცედურებს, ქონებრივი საავტორო უფლებების შეზღუდვების და გამონაკლისების პირობებს.
ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობისა და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა, რომელიც მათი სწავლების და პროფესიული საქმიანობის შემადგენელი ნაწილია და ემსახურება როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი ინტელექტუალური შრომის დაფასებას და დაცვას.
