ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ერთი-ერთი კომპონენტი - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" წელს განმეორებით, უფრო დიდი მასშტაბით განხორციელდება. 4 სკოლის გარდა, 2022-2023 წელს, პროექტში საქართველოს რეგიონების კიდევ 21 სკოლა ერთვება. სასწავლო აქტივობის ფარგლებში, რომლის მიზანია კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ 100 მასწავლებელს. ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სილაბუსი ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე სკოლებში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრეატიულობისა და ინოვაციურობის გაღვივებას. აღნიშნულ პროექტში ჩართული იქნება 1000 მოსწავლე.
„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" 2022-2023 წლის სესიის გახსნის ღონისძიება გაიმართა დღეს, „ივენტ ჰოლი - რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ შერჩეული 25 სკოლის დირექტორი, რომელთაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა, EUGIPP-ის ხელმძღვანელმა მარტინ მარიანოვმა და ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ. პროექტის ექსპერტმა, პაატა პაპავამ ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა კომპონენტის პრეზენტაციაა და გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები, ასევე, წარუდგინა სასწავლო მასალა.
EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს. პროექტი ეფუძნება ევროპის ქვეყნების კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გაღრმავების საუკეთესო პრაქტიკას.