საქპატენტის დელეგაცია WIPO-ს ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
18 ივლისი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, 193 წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთა შორისაა საქართველოს დელეგაციაც, ჟენევაში მასპინძლობს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.
14-დან 22 ივლისის ჩათვლით, ასამბლეის 900-მდე დელეგატი განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური ეკოსისტემის მომავალს და WIPO-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია წევრი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისკენ. 63-ე ასამბლეის გახსნის დროს, WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემური სიტუაციისა მსოფლიოში, არ უნდა შეჩერდეს მუშაობა ინტელექტუალური საკუთრების გლობალური ეკოსისტემის მომავლის ფორმირებისთვის. „ჩვენ, როგორც ინტელექტუალური საკუთრების გლობალური საზოგადოების წევრებმა, უნდა ვიზრუნოთ რომ ინტელექტუალური საკუთრება ვიწრო სპეციალიზებული ინსტრუმენტიდან, რომელიც მხოლოდ ექსპერტების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, გარდავქმნათ სამუშაო ადგილების გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მძლავრ კატალიზატორად, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვატორებსა და შემოქმედ ადამიანებს მთელ მსოფლიოში“ აღნიშნა მან.
ასამბლეის გახსნის დღეს, WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს და WIPO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, საქართველოს დელეგაციის სახელით ნინო ჩიქოვანმა მიმართა: „გასული ორი წელი ნამდვილი გამოწვევა იყო სრულიად მსოფლიოსთვის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე კი ეს ყოველივე აისახა ინტელექტუალური საკუთრების სფეროზე. ჩვენი ოფისიც არ ყოფილა გამონაკლისი, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ოპერატიულად მოხერხდა ყველა პროცესის ოპტიმიზაცია და მაღალი დონის სერვისის შენარჩუნება, რასაც საქპატენტი ქართველი და უცხოელი განმცხადებლებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ახორციელებს. მონაცემთა ბაზების გაციფრულებამ და WIPO-ს სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებში უწყების სრულყოფილმა ჩართულობამ მარტივად შეგვაძლებინა ონლაინ და ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში ადაპტირება. მსურს მადლობა გადავუხადო WIPO-ს, რომ შესაძლებლობა მოგვცა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ყოველდღიური საქმიანობა დ ეფექტიანად მოგვერგო სამუშაო გარემო არსებული გამოწვევებისთვის“.
ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან, ორგანიზაციის სხვა მაღალი რგოლის მენეჯერებთან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებთან, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მხარდაჭერის განსახილველად.
WIPO არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და კრეატიულობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

