დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაცია კერძო სექტორთან აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, სემინარი პრაქტიკის შესახებ და ტრენინგი სახელმძღვანელოს შესახებ
23 სექტემბერი 2022 წ.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კახეთის რეგიონში გაიმართა გასვლითი, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც საქპატენტისა და EUGIPP პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მისასალმებელ გამოსვლაში საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა ისაუბრა ღონისძიების შესახებ და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში განხილვა, რომელსაც ესწრება ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელები, ასევე ამ უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები.
კონსულტაცია ეფუძნებოდა აღსრულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან მიღებულ საბოლოო დასკვნებს და მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების განხილვას, უფლებების აღსრულების მიმართულებით მათი შესაძლებლობების გამოვლენას. გაიმართა დისკუსია ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლებრივი აღსრულების, უფლებათა სამოქალაქო წესით აღსრულების, ონლაინ აღსრულების სფეროში პრაქტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას, რაც ასევე გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის სწრაფ განვითარებას საქართველოში.
გასვლითი შეხვედრა ასევე ითვალისწინებდა სემინარის ჩატარებას, სადაც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ევროკავშირში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული სიახლეები, ევროპული გამოცდილება და პრაქტიკა. სამდღიანი ღონისძიების დასასრულს, საჯარო უწყებების წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი, EUGIPP პროექტის კომპონენტის ფარგლებში შემუშავებული აღსრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების შესახებ, რომელსაც წარუძღვა პროექტის ექსპერტი კენეტ რაიტი.
EUGIPP ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.
ღონისძიებაში საჯარო სექტორიდან მონაწილეობდნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საბაჟო დეპარტამენტი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, გენერალური პროკურატურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები;
კერძო სექტორიდან მონაწილეობდნენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის, საქართველოს ღვინის ასოციაციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წარმომადგენლები.

