საქპატენტმა უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა
26 სექტემბერი 2022 წ.
საქპატენტს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უზბეკი კოლეგები
გაეცნენ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების
დაცვის სისტემას და საქპატენტის საქმიანობას ამ მიმართულებით. საქპატენტის თბილისის ოფისში სტუმრობისას მათ
მოისმინეს „ორიჯინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის მოკლე სალექციო კურსი, სადაც დავით
გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა
გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების დაცვის მთავარ ასპექტებზე და ზოგადად
ამ ობიექტის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ განვითარებაში.
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში გაიმართა
შეხვედრა უწყების ხელმძღვანელობასთან, სადაც სტუმრებმა გამოთქვეს საქპატენტთან
მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი, რათა უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლონ
საქართველოში მოქმედი გეოგრაფიული აღნიშვნების მარეგულირებელი კანონმდებლობა და
გაიზიარონ ამ სფეროში საქპატენტის მრავალწლიანი
პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ დახმარება აღუთქვა უზბეკ კოლეგებს და იმედი
გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მხარეების სამუშაო შეხვედრები და უზბეკი
დარგობრივი სპეციალისტების სხვადასხვა სასწავლო პროექტებში ჩართვა, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით სტრატეგიული
მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა - განხორციელება დაეხმარება უზბეკეთში
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
დელეგაციის წევრებმა საქპატენტში მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობაში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქპატენტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა მიმოიხილეს საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების საკანონმდებლო ჩარჩო, კონტროლის მექანიზმები, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურები და ეტაპები, ასევე, აღინიშნა საქპატენტის როლი და მნიშვნელობა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქპატენტში უზბეკი კოლეგების ორდღიანმა სტუმრობამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, სადაც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გაცნობის, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, უზბეკეთში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა იგეგმება.

